ომი და განდევნა

მიხეილ ღანიშაშვილი

ომი და განდევნა


პირველად რუსი ეკვეთა ჩერქეზს,

როს კავკასიონს დაადგა თვალი,

კლდეზე არწივთა ბუდე გაქექეს

და დადგა მთებში ომის ზამთარი.

დიდხანს გაგრძელდა ეს უსამართლო,

უთანასწორო ბრძოლის მარაბდა,

დაიძრა სისხლის მდინარეები,

მიწას სიკვდილის ბარი ბარავდა.

ჩერქეზთა ტყვია იყო ლეგენდა,

ჩერქეზთა ხმალი კვეთდა ფოლადად,

მაგრამ იწვოდა გმირი ქარ-ცეცხლში

და აულები ქარში ბოლავდა.

წლები წლებს სდევდა, ბრძოლები – ბრძოლებს,

თუმც ვაჟკაცური იყო დახვედრა,

გაწყდნენ ჯიგიტნი, ცხედარს ცხედრებზე

დრო სუდარებში დინჯად ახვევდა.

ბოლოს, გადურჩა ვინც ამ ჯოჯოხეთს,

ვინც მოახერხა ცოცხლად დარჩენა,

განდევნა რუსმა სამშობლოდანაც

და ოსმალეთის გზისკენ აჩვენა.

გზაც ომი იყო, ზღვაც ომი იყო,

თითქოს სამყარო მათზე შექეზდა,

ფეხდაფეხ სდევდა ყველგან სიკვდილი

ურუსთა მიერ დევნილ ჩერქეზთა.

მაინც გადარჩნენ ისრის კონებად

და გაჰყურებენ ცას დაჟინებით

და შორეული ნაპირებიდან

მამულს ელტვიან მუჰაჯირები.

ვიცი, დრო მოვა და ისტორიის

გაშლის დავთარი ფურცლებს მზეზედა,

დაიზრდებიან ლომის ბოკვრები

და აღდგებიან დიდ ჩერქეზეთად!


 

28 / 01 / 2020

Share Button